სერგო ჩიხლაძე – შეიძლება, აქციების განრიგში ცვლილებები შევიდეს

ფასილიტატორ ელჩებს დავუდასტურეთ და იმავე აზრზე ვართ, რომ დიალოგი, მოლაპარაკებები და შეთანხმება ურთიერთკომპრომისების გზით, არის სიტუაციის განმუხტვის ერთადერთი ალტერნატივა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

რაც შეეხება მიმდინარე აქციებს, როგორც ჩიხლაძემ აღნიშნა, ოპოზიციას აქციები საერთოდ გაუქმებული ჰქონდა იმ იმედით, რომ ხელისუფლება წავიდოდა კონსტრუქციულ ნაბიჯებზე.

„ამის ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ კიდევ უფრო გაუარესებული სიტუაცია, კიდევ უფრო ღრმა კრიზისი ხელისუფლების ამ არაადეკვატური ნაბიჯების გამო. აქციები იქნება, ჩვენ დაანონსებული გვაქვს უკვე, თუმცა თუ ხელისუფლება წამოვა გარკვეულ დათმობებზე, თუ პოლიტპატიმრები გათავისუფლდება, თუ დავინახავთ, რომ ხელისუფლება ცდილობს სიტუაციის განმუხტვას, რა თქმა უნდა, შეიძლება, შევიდეს ცვლილებები ამ აქციების განრიგში, ეს არ არის რაღაც ქვაში გამოკვეთილი, ჩვენ ვართ საკმაოდ მოქნილები და საკმაოდ კონსტრუქციულად განწყობილები“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილ კრიზისსა და საკუთარ მოთხოვნაზე სასაუბროდ ოპოზიცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან მისი ვიზიტის დროს გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრებს, რადგან ჩიხლაძის განცხადებით, საერთაშორისო ზეწოლა მნიშვნელოვანი ბერკეტია.

„მე ვფიქრობ, რომ ვიზიტის შედეგად რაღაც განსაკუთრებით ახალ მესიჯებს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ მთავარია, რომ ის ორივე მხარე შეხვდება, ოპოზიციასაც, ხელისუფლებასაც და რა თქმა უნდა, შესაძლებელია, გარკვეული კიდევ დამატებით პოზიტიური როლი შეიტანოს ორი მხარის მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის საქმეში, ამის იმედი მაქვს გულწრფელად“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების მიზნით კომისიამ მუშაობა დაიწყო
შემდეგი სტატიამაჩალიკაშვილი – ყველა უსამართლობას ერთიანად ვაპროტესტებთ