სამადაშვილი – ოპოზიციის ერთიანობას საფრთხე არ ემუქრება

ოპოზიცია აგრძელებს ერთიან ფორმატში მოლაპარაკებებს. თუ ვინმე კონკრეტული, ერთი პოლიტიკური ძალა, პოლიტიკური მოთამაშე გამოეთიშება პროცესს, ეს ვერ შეცვლის იმ რეალობას, რომ საბოლოო ჯამში არის ერთიანი პოზიცია ოპოზიციის მხრიდან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხდა.

მისი თქმით, ოპოზიციის ერთიანობას საფრთხე არ ემუქრება.

„ვფიქრობ, რომ ამ ერთიანობის შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი და არ მაქვს მოლოდინი, რომ საფრთხე ემუქრება მას. მიუხედავად იმისა, რომ ცხადია, შეიძლება ცალკეული ადამიანები აღარ იყვნენ ამ პროცესში მონაწილეები, რაც გულდასაწყვეტია, ეს საბოლოო ჯამში, არ ცვლის იმ სურათს, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთპარტიული პარლამენტის წინაშე და ეს რეალობა არ შეიცვლება. მე არ მაქვს შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას სურს ამ მოლაპარაკებებზე ან რაიმე შედეგის დადება ან შეთანხმების მიღწევა, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ, რომ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და ამის პარალელურად ვხედავთ, რომ ჩაინიშნა მორიგი პროცესი გვარამიას წინააღმდეგ. ხელისუფლება, რომელიც გეგმავს, რომ გააგრძელოს პოლიტიკური ნიშნით დევნა და შევიწროება მედიის წარმომადგენლების, პოლიტიკური ოპონენტების, ასეთ ხელისუფლებასთან შეთანხმება, სამწუხაროდ შეუძლებელია. ჩვენი სურვილი კვლავ რჩება მოლაპარაკების გაგრძელება და შესაძლო შეთანხმების მიღწევა“, – განაცხადა სამადაშვილმა.

რაც შეეხება „გირჩის“ მიერ გასაჯაროებულ საკითხებს, სამადაშვილის თქმით, მას პრობლემა არ აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო განხილვა ხდებოდეს იმ შესაძლო შეთანხმების პუნქტების, რომელიც შეიძლება შედგეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

„ბევრი დეტალი არის და ამ დეტალებზე შეგვიძლია ვისაუბროთ. თუმცა, არსებობს პრინციპული საკითხები და ეს პრინციპული საკითხები შეეხება პოლიტპატიმრების თემას, საარჩევნო გარემოს, ამიტომ ნებისმიერი შეთანხმება, რაც არ უნდა შედგეს ამ საკითხებზე თუ არ იქნება, ასეთ შეთანხმებაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ“, – განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – ჩვენი მიზანია, ჯანდაცვის 46 000 მუშაკი აიცრას პირველივე ეტაპზე
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ჩვენ უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ქვეყნის დეოკუპაციის მიმართულებით და გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც მივყვებით