“საყმაწვილო შამათი მესამეთანრიგოსან ოპოზიციას” – კობახიძის მეტაფორები გახარიას გამოსვლაზე

გუშინწინ ვთქვით, რომ ეს იყო მასტერკლასი, დღეს იყო კიდევ უფრო მეტი. შეიძლება, ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვა, საყმაწვილო შამათი, რომელიც ჩაუსვა პრემიერ-მინისტრმა მესამეთანრიგოსან ოპოზიციას, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია წარდგა.

დეპუტატი საპენსიო ფონდის შესახებ ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს მოდელი ქვეყანაში საპენსიო სისტემის ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრებას ემსახურება.

„მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ ეს არის მიუღებელი. ამ დროს, საპენსიო ფონდი არის არა ჩვენს მიერ მოგონილი, არამედ ეს არის ის, რაც მოქმედებს ყველა ცივილიზებულ და განვითარებულ ქვეყანაში. ეს არის მოდელი, რომელიც ემსახურება საქართველოში საპენსიო სისტემის ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრებას.

დღეს რაც გვაქვს, ეს არ არის პენსია კლასიკური გაგებით, ეს არის ერთგვარი ასაკობრივი საარსებო შემწეობა და ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო ერთხელ და სამუდამოდ პრინციპული გადაწყვეტილება, რომ საქართველოში დაგეგმოს ნამდვილი საპენსიო სისტემა და ჩაანაცვლოს არსებული არასწორი ასაკობრივი საარსებო შემწეობა. რატომ არის ეს რეფორმა სამიზნე, გასაგებია, რადგან ეს არის ფუნდამენტური და ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. თუმცა, მე მოგიწოდებდით და ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ თქვენ, პირველ რიგში, უნდა გაუფრთხილდეთ ამ საპენსიო რეფორმას და საპენსიო ფონდს და მოგიწოდებთ, რომ შეიტანოთ მაქსიმალურად შენატანები. გეტყვით, რატომ – თქვენ რეალურად, გაიმწარეთ ახალგაზრდობა, ჯერ ხელისუფლებაში იყავით ცხრა წელი და თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი დაასრულეთ სრული ფიასკოთი და სრული კრახით.

რა თქმა უნდა, თქვენ ბევრ სხვას გაუმწარეთ ახალგაზრდობა და არა მარტო ახალგაზრდობა, მაგრამ თქვენც არანაკლები სიმწარე მიიღეთ, რადგანაც, როდესაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ამთავრებ 30 პროცენტიანი სიღარიბით, მლნ 150 ათასი ადამიანი იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა 2012 წელს, როდესაც ამთავრებ იმ სახელით, რომ აწამებდი პატიმრებს ციხეებში და ეს იყო თქვენი ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშან-თვისება, როდესაც თავი გამოიჩინეთ მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ ბიზნესის რეკეტით იყავით ცხრა წლის განმავლობაში დაკავებული და როდესაც თავი გამოიჩინეთ იმით, რომ მტერს ჩააბარეთ ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტს, ეს ნიშნავს რა თქმა უნდა, თქვენი ახალგაზრდობის გამწარებას.

შეიტანეთ შენატანები საპენსიო ფონდში, იქნებ, სიბერე მაინც გქონდეთ ტკბილი“, – მიმართა ირაკლი კობახიძემ „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებს

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – სკოლებში სველი წერტილები ჩვენ აშენებული არ დაგვხვედრია და არ დაგვინგრევია – განათლების სამინისტროს დაევალა, რომ სექტემბრისთვის ყველა სკოლაში ნორმალური სველი წერტილი იყოს
შემდეგი სტატია“როდესაც ვიცით ყველამ რა მდგომარეობაა ოკუპირებულ რეგიონებში, “მთავარი არხი” აკეთებს სიუჟეტებს თუ როგორ ყვავის დემოკრატია ცხინვალში”