ნინო ლომჯარია – ნიკა მელია თავს გრძნობს მხნედ

„მოვინახულე ნიკა მელია საკანში. მაინტერესებდა მისი მდგომარეობა. ასევე, გამოვკითხე პირობები. დაკავების მომენტიდან ამ დრომდე. როგორც მან მითხრა ჯერ იყო გადაყვანილი შსს-ს ერთ ერთ განყოფილებაში და შემდეგ იქიდან წამოიყვანეს მე-12 დაწესებულებაში. ის საუბრობს, რომ მის მიმართ ძალის გამოყენებასა ან შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ასევე ფიქრობს, რომ დამაკმაყოფილებელი არის ციხეში არსებული პირობები. თავს გრძნობს მხნედ. ჰქონდა სურვილი, საჯაროდ მეთქვა, რომ ოპტიმისტურ განწყობაზე არის. ერთადერთი მოთხოვნა აქვს ის, რომ საკანში არ არის ტელევიზორი. ვესაუბრე ციხის ხელმძღვანელობას და იმედი მაქვს, ლოჯისტიკური საკითხი დროულად მოგვარდება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არავის პასუხისმგებლობა არ დამდგარა პოლიციისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიმართ ძალის გადამეტების გამო.

„20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარეობს ორი პარალელური გამოძიება. ერთი მიმდინარეობს შსს-ში აქციის მონაწილეების მიმართ, ანუ პოლიტიკური ლიდერებისა და აქციის აქტივისტების მიმართ და მეორე ეს არის პროკურატურაში, სადაც მიმდინარეობს გამოძიება პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე, რის შედეგადაც ათობით მშვიდობიანი აქციის მონაწილე დაშავდა. ვხედავთ, რომ არავის პასუხისმგებლობა არ დამდგარა პოლიციისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიმართ, ძალის გადამეტების გამო. მაშინ, როდესაც მეორე მხრივ გამოძიება აქტიურად მიმდინარეობდა და დევნა ხორციელდება, არაერთ დაპატიმრებას ჰქონდა ადგილი აქციის მონაწილეების მიმართ. ვფიქრობ, ეს არის შერჩევითი მართლმსაჯულების გამოხატულება და მეორეს მხრივ, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მიმაჩნია, რომ არ იყო პროკურატურის მხრიდან სათანადოდ დასაბუთებული მისი საჭიროება“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნიკა მელიას საქმეში პოლიტიკური კონტექსტი ჭარბობს სამართლებრივ კონტექსტს.

აქედან გამომდინარე, იმ განცხადებებისა და კონტექსტის გათვალისწინებით, რასაც ადგილი ჰქონდა ნიკა მელიას პიროვნების და მისი აქტიულობის მიმართ, ვფიქრობ, პოლიტიკური კონტექსტი ამ საქმეში ჭარბობს სამართლებრივ კონტექსტს.

დავაკვირდები მოვლენებს. აქციაა დაგეგმილი. მოგვიწევს შევაფასოთ, რამდენად იქნება დაცული შეკრებისა და გამოხატვის უფლება და რა თქმა უნდა, ნიკა მელიას პატიმრობის პირობებს გავუწევთ მონიტორინგს. შევისწავლით მისი საქმის მიმდინარეობას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს პოლიტიკას გაცილებით უფრო ფართო და დიდი შესაძლებლობები აქვს დაეხმაროს დემოკრატიას საქართველოში ვიდრე რუსეთში
შემდეგი სტატიაევროპარლამენტარები საბჭოს პრეზიდენტს: საქართველოში დაძაბულობამ საშიშ ნიშნულს მიაღწია