ნათია თურნავა: მკაცრად გაკონტროლდება, რომ რესტორნებში ე.წ. სოციალური ღონისძიებები არ ჩატარდეს

მკაცრად გაკონტროლდება, რომ რესტორნებში ე.წ. სოციალური ღონისძიებები არ ჩატარდეს, მზად ვართ, ამაზე პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გავამკაცროთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კვების ობიექტების შიდა სივრცეების გახსნა მკაცრი მონიტორინგის ქვეშ მოხდება, ვინაიდან აღნიშნულ ადგილებში ინფიცირების რისკი კვლავ მაღალია.

„სარესტორნო ინდუსტრიის შიდა სივრცეები პრაქტიკულად 10 დღეში გაიხსნება, მაგრამ აქ მინდა აღვნიშნო, რომ ეს მოხდება მკაცრი მონიტორინგის ქვეშ, რადგან მთელ მსოფლიოში დღემდე ძალიან სამართლიანად არის მიჩნეული, რომ რესტორნები წარმოადგენს ერთ-ერთ მაღალი მობილობის მაგენერირებელ სფეროს, სადაც ინფიცირების საფრთხე არის მაღალი, რადგან უბრალოდ შეუძლებელია პირბადის გამოყენება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან მკაცრად დავაკვირდებით, როგორ მოდის აქ პროტოკოლების შესრულება.

სარესტორნო ბიზნესთან გვქონდა არაერთი შეხვედრა და მათი მხრიდან დავინახეთ პასუხისმგებლიანი მიდგომა. აქაც იქნება სავალდებულო ტესტირება პერსონალისთვის. მკაცრი კონტროლი იქნება იმაზე, რომ ე.წ. სოციალური ღონისძიებები არ განხორციელდეს, ეს კვლავ შეზღუდვაში რჩება. მზად ვართ, ამაზე პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გავამკაცროთ“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, შაბათი-კვირის შეზღუდვის მოხსნა დამოკიდებული იქნება იმაზე, რა გავლენას მოახდენს დღეს მიღებული გადაწყვეტილებები ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

„მთლიანობაში ეს გადაწყვეტილება აუცილებელია დაახლოებით 200 000 ადამიანისთვის, ვინც ამ სფეროშია დასაქმებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებმა მაქსიმალურად შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები და ამ ინდუსტრიამაც მიიღოს შემოსავალი. თუმცა კვლავ რჩება შეზღუდვაში შაბათი-კვირა და მომდევნო ეტაპზე, როდესაც დავინახავთ, როგორ იმუშავა ამ გახსნებმა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, მერე ვიმსჯელებთ რესტორნებისთვის შაბათ-კვირის შემსუბუქება-არშემსუბუქების საკითხზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჩხენკელი: ორ კვირაში ერთხელ საბავშვო ბაღების თანამშრომლების 20 პროცენტი სავალდებულო ტესტირებას გაივლის
შემდეგი სტატიათურნავა: ხელისუფლებისთვის მეგობარი სახელმწიფოების მხრიდან ნებისმიერი გაფრთხილება და რჩევა ძალიან მნიშვნელოვანია