მამუკა მდინარაძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ რეალურად არ სურდა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება

კრიმინალურმა ოპოზიციამ მართლაც ხელიდან გაუშვა უნიკალური შანსი, მცირე მხარდაჭერა მაინც შეენარჩუნებინათ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„კარლ ჰარცელის მხრიდან ბუნებრივი განცხადება არის გაკეთებული იქედან გამომდინარე, რომ კრიმინალურმა ოპოზიციამ მართლაც ხელიდან გაუშვა უნიკალური შანსი, მცირე მხარდაჭერა რაც ჰქონდათ, ის მაინც შეენარჩუნებინათ, რადგან პოლიტიკური პროცესებიდან გავიდნენ, შეთანხმების პირობები დაარღვიეს და შეთანხმების წინააღმდეგ წავიდნენ.

ეს არ იყო ახალი ამბავი, რადგან ყველას კარგად გახსოვთ, რომ როცა 2020 წლისთვის კონსტიტუციაში ჩაწერილი უნდა ყოფილიყო პროპორციული სისტემა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესს თავიდანვე ბოიკოტი გამოუცხადა, რაც ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა, რის გამოც ჩვენ ვამბობთ, რომ მათ საკონსტიტუციო ცვლილებები და პროპორციული სისტემა არ აწყობდათ, რადგან ეს მათ დესტრუქციულ გეგმაში არ შედიოდა.

გვახსოვს, რომ კონსტიტუციის კენჭისყრის დღეს აქციებს აწყობდნენ. ეს იყო იმის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ მათ რეალურად არ სურდათ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, რადგან ეს დესტაბილიზაციის გეგმაში არ ჯდებოდა.მათი წვლილი საკმაოდ დიდი იყო იმაში, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნით ნოემბერში მოხდა.

თუ ერთი მხრივ, „ქართული ოცნება“ აცხადებდა პოლიტიკურ ნებას, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა სურდა და პროექტი სამწუხაროდ, ჩავარდა, ისინი ყველა მტკიცებულებას დებდნენ, რომ მათ არ სურდათ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ჯერ კიდევ ორი წლის წინ პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეს. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ნოემბერშიც ჩავარდნილიყო. ყველაფერი დალაგდა კარგად და საქართველო გადავიდა პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებულ სისტემაზე. ეუთო/ოდირი-ს 27 რეკომენდაციიდან, პრაქტიკულად ყველა გაზიარებულია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიდედოფლისწყაროში ქალს ბალახის დაწვის დროს ცეცხლი წაეკიდა და გარდაიცვალა
შემდეგი სტატია“არავის შევაზღუდინებთ სიტყვის თავისუფლებას იმ კეთილშობილური საბაბით, თითქოს სიძულვილის ენას ებრძვიან”