გიორგი ბარამიძე – სალომე სამადაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ოფიციალურად თუ არ გაემიჯნება, მისი გარიცხვის საკითხის დაყენებას მხარს დავუჭერ

სალომე სამადაშვილის ეს ნაბიჯი არ გამოხატავს იმ სულისკვეთებას და პოზიციას, რაც აქვს ენმ-ის პოლიტიკურ საბჭოსა, წევრთა და მხარდამჭერთა აბსოლუტური უმრავლესობის აზრს, – ამის შესახებ „ფეისბუქზე“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბარამიძე წერს.

„ბევრი ენმ-ის წევრი და მხარდამჭერი გვეკითხება, სალომე სამადაშვილი ახლა ვისი სახელით დგას ეგრეთწოდებული პრეზიდენტის სასახლეში? მინდა, გარკვევით ყველას კიდევ ერთხელ ვუთხრა (ქალბატონმა სამადაშვილმა თვითონაც განმარტა) რომ იგი არ წარმოადგენს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მისი ეს ნაბიჯი არ გამოხატავს იმ სულისკვეთებასა და პოზიციას, რაც აქვს ენმ-ის პოლიტიკურ საბჭოსა და წევრთა და მხარდამჭერთა აბსოლუტური უმრავლესობის აზრს.

სადაც ეს ხალხი, ვინც იქ დგას, შედის, ის არაა საქართველოს პარლამენტი, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის უმრავლესობის პოლიტიკურ ნებას, არამედ ეს ორგანო არის ოლიგარქ ივანიშვილის მიერ, გაყალბებისა და ძალადობის გზით, ხელისუფლების უზურპაციის ინსტრუმენტი.

სანამ პოლიტპატიმრები (ნიკა მელია, გიორგი რურუა) არ გათავისუფლდებიან, ვიდრე პოლიტიკური დევნა არ შეწყდება (მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ავთო წერეთელი და სხვები) პოლიტიკოსებისა და მედია მფლობელების მიმართ, სანამ არ გვექნება ისეთი საარჩევნო სისტემა და ადმინისტრაცია, რომლის პირობებში არჩევნების გაუყალბებლად ჩატარების საფუძვლიანი იმედი შეიძლება გვქონდეს, მანამ ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლა უზურპატორი ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ გაგრძელდება“,- წერს ბარამიძე.

თავისივე სტატუსის კომენტარში ბარამიძე აღნიშნავს, რომ სამადაშვილის პარტიიდან გარიცხვის საკითხს დააყენებს.

„ფაქტობრივად დატოვა და გაემიჯნა, ოფიციალურად თუ ამას არ იზამს, მე მისი გარიცხვის საკითხის დაყენებას დავუჭერ მხარს“,- წერს ბარამიძე.

ორბელიანების სასახლეში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტს სალომე სამადაშვილმა ინდივიდუალურად მოაწერა ხელი.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი – რამდენადაც მესმის, „ნაციონალური მოძრაობა“ დოკუმენტს მოგვიანებით შემოუერთდება
შემდეგი სტატიახატია დეკანოიძე – ვერასდროს გავიგებ სალომე ზურაბიშვილთან სტუმრობას