შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულის ადვოკატი პროცედურულ დარღვევებზე საუბრობს

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ სასამართლოს არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია.

როგორც გიორგი გელხაური განმარტავს, არც ვიზუალურ მტკიცებულებებში და არც მოწმეების ჩვენებებში არ იკვეთება არასრულწლოვნის მხრიდან ძალადობის ფაქტი. მისივე თქმით, დაცვის მხარეს საქმის მასალები გადაეცა დაგვიანებით და არ მიეცათ საშუალება, სათანადოდ მომზადებულები მისულიყვნენ პირველ სასამართლო სხდომაზე.

გელხაური ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ არსებობს ე.წ. ოქროს მოწმის, გურამ ამირხანაშვილის რამდენიმე ჩვენება და მისთვის გაუგებარი მიზეზების გამო პროკურატურამ დაუჯერა იმ ჩვენებას, სადაც მოწმე იძულებით თავისუფლების აღკვეთაზე საუბრობს.

„გუშინ ჩვენ ღამის 12-ის ნახევარზე გადმოგვეცა აღნიშნული მტკიცებულებები და, ფაქტობრივად, არ მოგვეცა იმის საშუალება, რომ სათანადოდ მოვმზადებულიყავით პირველი წარდგენის სხდომისთვის, ჩვენი არგუმენტაცია მიგვეწოდებინა სასამართლოსთვის – ეს არის ერთი დარღვევა.

რაც შეეხება ჩვენებებს და საქმის მასალებს, საკმაოდ მოზრდილი ტომი მხოლოდ ჩვენებები შეიკერება ამ სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან და გარწმუნებთ, რომ არცერთი მოწმე არ საუბრობს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი პირი რომელიმე კონფლიქტში იღებდა მონაწილეობას. არცერთი მოწმე არ საუბრობს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირზე, რომ მან ვინმეს მიაყენა რაიმე სახის ძალადობა ან შეურაცხყოფა. ჩვენ ასევე გადმოგვეცა კადრები, სადაც მითითებულია ბრალდების მხარის ახსნა-განმარტებით, რომ იყო ძალადობა. არცერთ კადრში არ ჩანს არასრულწლოვნის ძალადობა და რაიმე სახის კონფლიქტში მონაწილეობა.

მე მაქვს ოთხი გამოკითხვის ოქმი. ესენია 19 ივნისის, 21 ივნისის, 23 ივნისის და 25 ივნისის, გურამ ამირხანაშვილის გამოკითხვის ოქმები. ესეიგი არის გამოკითხვის ოქმი, სადაც ამირხანაშვილი საუბრობს, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანეს აღნიშნულმა პირებმა, რომლებიც შეხვდნენ მცხეთასთან არსებულ ხიდთან. არის კიდევ მეორე ჩვენება, სადაც საუბრობს გურამ ამირხანაშვილი, რომ მის მიმართ არანაირ იძულებას ადგილი არ ჰქონია, იგი იძულების წესით არ წაუყვანიათ მცხეთიდან და ჰქონდა შეთავაზება, რომ შეეძლო დარჩენა. ანუ რასთან გვაქვს საქმე. არის გურამ ამირხანაშვილის არაერთი ურთიერთსაწინააღმედგო ჩვენება. არის კითხვა – რომელ ჩვენებას დაუჯერა პროკურატურამ და რატომ დაუჯერა იმ ჩვენებას, სადაც ამბობს, რომ თითქოს იძულების წესით წაიყვანეს ზემოაღნიშნულმა პირებმა თბილისში. ის არცერთ ჩვენებაში არ საუბრობს, რომ რაიმე სახის შეურაცხყოფა მიაყენეს მანქანაში აღნიშნულმა პირებმა. სად არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და სად გადის ზღვარი თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და შუაღამეს ქუჩაში არ დატოვებასა და თბილისში ჩაყვანას შორის. ასე რომ მსგავსი ჩვენების საფუძველზე, არასრულწლოვანს, როდესაც წაუყენებ ბრალს, რომლის სანქციაც ითვალისწინებს 7-დან 10-წლამდე პატიმრობას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვითვალისწინებთ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს“, – აცხადებს გიორგი გელხაური.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს.

შეგახსენებთ, გუშინ უწყებამ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოპოვებული ვიდეომასალაც გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.
]

banner
წინა სტატიაშიინფექციურ საავადმყოფოში 24 კოვიდინფიცირებული პაციენტია მოთავსებული
შემდეგი სტატიაიმედი მაქვს, სასამართლო აღკვეთის ღონისძიებას არცერთ სპორტსმენზე არ გამოიყენებს – კობაიძე